შეხსენება

ავტორი: ემზარ ხვიჩია


თარიღი: 2015/Aug/22 (10:49)


ახალი მოვლენები და უცვლელი პრობლემა

მინდა შევახსენო საზოგადოებას ქართულ ნიადაგზე წარმოშობილი, უკვე არახალი, მაგრამ ჯერ კიდევ არაპოპულარიზებული პარადიგმის _ ოპტიმალიზმის დოქტრინის _ უცვლელი და უმწვავესი აქტუალობა.  

* * *

წინასწარ, მცირე გადახვევის სახით, განსახილველი საკითხის  თეორიული საფუძვლებით დაინტერესებულ მკითხველთთვის მინდა აღვნიშნო:

 1) ოპტიმალიზმის დოქტრინის თეორიული საფუძვლი _ ფსიქიკურ სტიქიათა თეორია _  დ. უზნაძის განწყობის თეორიის ერთ-ერთი კერძო მიმართულებით განვითრების შედეგია  (სუბიექტი განიხილება, კვლავ, მხოლოდ მისი სიმთელის ასპექტით);

 2) ახალი შედეგების მიღების საშუალებას გვაძლევს “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის”, მისი ოთხი შესაძლო მნიშვნელობის _ ოთხი ფსიქიკური სტიქიის _ აღმოჩენა;

3) დ.  უზნაძის განწყობის თეორია აქამდე მხოლოდ ერთი, მხოლოო სუბიექტის მოქმედების განხილვის შესაძლებლობას იძლეოდა, _ ოთხი ფსიქიკური სტიქიის აღმოჩენამ კი შესაძლებელი გახადა სუბიექტთა რაგინდ დიდი სიმრავლის ერთობლივად მოქმედების, თანაარსებობის ფაქტების (არსებობაც მოქმედების აქტია) განხილვა, როგორც კრებითი სუბიექტის მოქმედებისა (რადგან განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით პიროვნებათა რაგინდ დიდი სიმრავლე შეიძლება იყოს ერთგვაროვანი:  განწყობის შინაარსის ნებისმიერი სხვა, ანუ ყოველი მოხსნად-აღდგენადი კომპონენტი ჩანაცვლებადია მისი შესაბამისის საპირისპირო მისწრაფების გამომხატველი მომენტით, ამდენად, მათი გავლენა ნიველირებადია: მხოლოო სუბიექტის მოქმედების შედეგში _ დაკვირვების დროის საკმარისად გაზრდის პირობებში, ხოლო ერთობლივად მოქმედ სუბიექტთა სიმრავლის მოქმედების შედეგში _ დაკვირვების ნებისმიერი ხანგრძლივობისას, ერთობლივად მოქმედ სუბიექტთა რიცხვის საკმარისი სიდიდის პირობით. ორივე ეს პირობა სრულდება ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობათა _ ეთნოსთა _ შემთხვევაში. ეს დებულება უფრო ზუსტადაც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ. ადვილად შესამჩნევია მათემატიკური ანალიზის განმარტებებთან სტილისტური მსგავსება, ლაკონურობიას და, რაც მათავარია, დეფინიციის ლოგიკური სიზუსტის მოთხოვნის საპასუხოდ).

4) ფსიქიკურ სტიქიათა, როგორც განსაზღვრული პირობით დომინანტურ ფსიქიკურ ფაქტორთა, სუბიექტის მოქმედებაზე გავლენის პარამეტრების დადგენა გვაძლევს სინამდვილისადმი პიროვნების მიდგომის (პიროვნული პოზიციიდან სინამდვილის ჭვრეტის) ოთხი განსხვავებული შესაძლებლობის, ოთხ ერთმანეთზე დაუყვანადი ტიპის ღირებულებათა სისტემის არსებობის ფაქტს;

5) კონკრეტულ ისტორიულ კულტურათა (ეროვნულ მემკვიდრეობათა) ძირითად თვითშეთანხმებულ ნაწილებთან ფსიქიკურ სტიქიათა პარამეტრების შედარება გვაძლევს კულტურათა (ერთა) კლასიფიკაციის საშუალებას, გამონაკლისის გარეშე;

6) ნაწილის და მთელის კატეგორიების ურთიერთმიმართების საკითხის ფსიქიკურ სტიქიათა პოზიციების შესაბამისად განხილვა უზრუნველყოფს ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების ურთიერთმიმართების დიაქრონული ასპექტის დადგენას, რაც ისტორიის მონაცემების თვითკმარ სოციალურ წარმონაქმნთა თვითრეგულირების პროცესების გამოხატულებად წარმოდგენის ანუ ისტორიის დინამიკის განსაზღვრის და, ამდენად, საზოგადოების მდგომარეობის ცვლის კანონზომიერების და საზოგადოების სტრუქტურის ისტორიული პროცესის თანადროული ეტაპის სათანადოდ, წინასწარი ოპტიმიზაციის საშუალებაა

7) დედამიწაზე საზოგადოების (ნოოსფეროს) განვითარების პროცესი XX საუკუნის შუაწლებში გასცდა კრიტიკულ ზღვარს (მოხდა ერთ-ერთი ცივილიზაციის გლობალიზაცია და ცივილიზაციურ ფაზათა ხანგრძლივობა შემცირდა ადამიანის პროდუქტიულობის საშუალო ხანგრძლივობაზე ნაკლებ მნიშვნელობამდე) _ გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციას დაუდგა  ოთხივე ტიპის ერთა უწყვეტი სინქრონული თანაარსებობის ინსტიტუციური უზრუნველყოფის აუცილებლობა (ამ დრომდე ეს მოთხოვნა არ იყო აქტუალური), რაც ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების აუცილებლობის პირობაა.

* * *

დავუბრუნდეთ ძირითად თემას.

სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ისევ იმ ილუზიით განაგრძობს არსებობას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს შინაგანი გენერაციის ფაქტორები განსაზღვრავენ (იხ. ავტორის წერილი "სიახლის მოლოდინი"). სინამდვილეში, სარგებლობს რა რუსეთის მხრიდან აგრესიის გაძლიერების შესაძლებლობით, საქართველოს ცხოვრების არსებით ასპექტებს, მათ შორის, სახელმწიფო საკადრო პოლიტიკას, ფაქტობრივად აკონტროლებს ამერიკა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, _ ლიბერალ-გლობალისტური ფრონტი. მისი მიზანია საქართველოში ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბება, ორი ლიბერალისტური იდეოლოგიის მომხრე, მხოლოდ მოქმედების ტაქტიკით განსხვავებული  პარტიით (რესპუბლიკური პარტიის და ნაციონალური მოძრაობის ბაზაზე). გარდამავალ ეტაპზე (სრულ ლიბერალიზაციამდე) გარეგანი ძალებისთვის უმჯობესი იქნებოდა ერთპარტიული რეჟიმი, მაგრამ პროცესებზე კონტროლის დაკარგვის საფრთხემ (მათთვის უცნობი ფაქტორით _ ცივილიზაციური ფაზების ცვლით _ განპირობებულმა), აუცილებელი გახადა მათი მხრიდან ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლის წნეხის შემცირება, ორპარტიული სისტემის ფორმირების სტრატეგიაზე გადასვლა (შეიძლება ეს ნაბიჯი მოაზრებული იყოს დროებით ზომად). ეს კონცეფცია იდეალურად ხსნის საქართველოში  ე.წ. სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შეუზღუდველ სამართალწარმოებაზე გადასვლაში შეფერხებების დაუძლეველობას, პოლიტიკურ პირთა მეტამორფოზას.

გარეგანი ძალების მხრიდან სისტემური შევიწროების (ეკონომიკური, პოლიტიკური, უკიდურესად მძიმე იდეური ზეწოლის) პირობებში, რომელსაც განიცდის ქართული საზოგადოება,  დამძიმებული ფსიქოლოგიური ფონი ახალგაზრდებს შორის თვითმკველელობის შემთხვევათა საგანგაშო გახშირებაშია ასახული.

2012 წლის შემდეგ საგარეო პოლიტიკის სფეროშიც არსებითად არაფერი შეცვლილა _ მოვლენები გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის  (2008 _ 2027 წწ.) შესაბამისად ვითარდებიან: ფორმის მანიის კლასის ერების გავლენა  განუხრელად იზრდება. ეს გაერმოება უფრო მკაფიო გახდება, როცა გერმანელი ერი მოიშორებს დამნაშავე ერის კომპლექსს. რეზერვში რჩება, ასევე, ფორმის მანიის კლასის არაბი ერის რეკონსოლიდაციის  პროცესიც, რომელსაც ჯერჯერობით ეფექტურად აფერხებს ლიბერალ-გლობალისტური ფრონტი, არაბთა რეკონსოლიდაციის ცენტრის სტაბილიზაციის ხელშეშლით, ალტერნატივების დაპირისპირების საფუძველზე (ერაყის, ლიბიის, სირიის და ეგვიპტის წინააღმდეგ ამერიკის და დასავლეთის მოქმედება არის არაბი ერის კონსოლიდაციის ტენდენციის ჩაშლის პოლიტიკის გამოხატულება. კუვეიტი და სხვა ლოკალური არაბული რეჟიმები, რომლებსაც დასავლეთი უჭერს მხარს, არაბთა კონსოლიდაციის შეფერხებას  ემსახურებიან). კონსოლიდაციის პროცესში არაბმა ერმა, ისევე, როგორც ამავე თვისებრივი ტიპის ირანელმა ერმა, შეიძლება მიაღწიოს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის დასრულებას. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ირანის გარშემო ირანულის მონათესავე ენებზე მოლაპარაკე ხალხების კონსოლიდაციის პროცესის განვითარებაც. ფორმის მანიის კლასის ერების სასარგებლოდ წონასწორობის დარღვევა ზრდის საერთაშორისო ბუფერული ფაქტორის აქტუალობას, რაც  ამ ფუნქციის შემსრულებელი ერთეულების _ ძლევის მანიის კლასის ერების  (ამდენად, რუსეთისაც) _ პოზიციების განმამტკიცებელი გარემოებაა.

გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის  ფაზის მოვლენაა უკრაინაში განვითარებული კონფლიქტიც: ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ფორმის მანიის კლასის უკრაინელ ერს არ შეუძლია (სისტემისგან არ მოეთხოვება) მოითმინოს მის საარსებო სივრცეში სხვა თვისებრივი ტიპის ერის ზეგავლენა, მით უმეტეს, ისეთი საგრძნობი, როგორიც, უკრაინის რიგ რეგიონებში, ერით რუსი მოსახლეობის სიჭარბის და ეკონომიკური ფაქტორების საფუძველზე, გააჩნია ძლევის მანიის კლასის რუს ერს. ამრიგად, დღეს უკრაინაში კონფლიქტის გაღრმავებას და შენარჩუნებას არ სჭირდება მნიშვნელოვანი  გარეგანი  ჩარევა, განსხვავებით  2008 წელს საქართველოში არსებული ვითარებისგან, როცა გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის ფორმის მანიის ცალფა ეფექტი ფაზის დადგომის შედეგად, მართვის მანიის კლასის ქართველი ერი დეზაქტუალიზაციის  მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ძველი პარადიგმების მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, უკრაინაზე მისი გავლენის ფაქტორების სიძლიერის გათვალისწინებით, რუსეთს იმედი უნდა ჰქონოდა კონტროლის მთელს უკრაინაზე შენარჩუნებისა. ამდენად, ამ პოზიციიდანაც, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ინიციატორად რუსეთს ვერ ჩავთვლით _ ამ მოვლენების შედეგად, მან, სრულად დაკარგა კონტროლი უკრაინის დიდ ნაწილზე.  დღეს რუსეთის მოქმედებას რუსი ერის თავდაცვითი რეაქციის, მის მიერ მისი საკუთარი ნაწილის თვისებრივი ტრანსფორმაციისგან დაცვის, ეროვნულ სახელმწიფოში მოქცევის მცდელობის მნიშვნელობა აქვს.  ამრიგად, რუსეთის მოქმედება სახელმწიფოთა საზღვრების ერთა განსახლების გეოგრაფიასთან  შესაბამისობაში მოყვანის მცდელობის შემცველია (კიევის რუსეთის საზოგადოება წარმოადგენდა ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის ძლევის მანიის კლასის ერს, ამდენად მისი მემკვიდრეა, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ამავე თვისებრივი ტიპის წასრმომადგენელი, თანამედროვე რუსი ერი და არა ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერი), რაც, საზოგადოდ რომ ვთქვათ, კონსტრუქციული მნიშვნელობისაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრინციპის რეალიზაციით საქართველოს ტერიტორიების დათმობის საფრთხე არ ემუქრება _ საქართველოს ტერიტორიაზე განსახლებულ დიასპორებს (ეროვნულ უმცირესობებს) “მართვის მანიის კლასის ქარველი ერის გარეგნულად განსხვავევის მატარებელი ჯგუფების მდგრადობის კომპონენტთა” სტატუსით (იხ. ავტორის წერილი _ "სომხობა, როგორც ფარული ქართველობის ერთ-ერთი  გარეგნული მოდუსი”) გარანტირებული აქვთ ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და შეუფერხებელი ურთიერთობის შესაძლებლობა შესაბამისი ერების დანარჩენ ნაწილებთან.

საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის მცდელობაში, რაც უკრაინის მოვლენებშიც სჩანს, რუსი ერი ლიბერალ-გლობალისტური ფრონტის გავლენის გავრცელების  ეფექტურ შემფერხებლად გვევლინება. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის გამომხატველიცაა. თუმცა ძველი პარადიგმების მიხედვით საქართველოს სხვა გამოსავალი არა აქვს, მაინც საწყენია, რომ, ამ კონტექსტში, ის  გარკვეული კონსტრუქციული მნიშვნელობის ინიციატივით აღძრული ძალის  მოწინააღმდეგე ბანაკში სჩანს წარმოდგენილი. "ოპტიმალიზმის" დოქტრინის ინიციირების გარეშე ვერაფერი გვიხსნის ამ ძალის  რეპრესიის ობიექტის მდგომარეობისგან.

ჩვენში ბატონობს აზრი, რომ უკრაინის ნაწილის მიტაცებით გათამამებული რუსეთი, თუ ის ამ საქციელისთვის დასავლეთმა  არ დასაჯა,  საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას გააძლიერებს.  ეს რომ სწორი აზრი იყოს საქართველოს მდგომარეობა მართლაც უიმედო იქნებოდა, რადგან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, დღეს, რუსეთის წინააღმდეგ გარე სამყაროს კონსოლიდაციის იმედი ამაოა: ჩინეთის პოზიციაზე რომ არაფერი ვთქვათ, აღნიშნულ საკითხში, შეუთავსებელია ამერიკის და ევროგაერთიანების ინტერესებიც. კერძოდ, ამერიკისთვის ხელსაყრელია რუსეთის აგრესორად წარმოჩენა, საფრანგეთის და გერმანიის პოლიტიკაში ანტიამერიკული ტენდენციის შესაჩერებლად.

სხვათა შორის, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის პროვოცირებაც ამავე მიზანს ემსახურებოდა (როგორც ომის მიმდინარეობამ და მისმა  შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მათი ოფიციალური განცხადებების საპირისპირო რჩევებს აძლევდნენ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს). ამასთანავე, ამერიკელმა  რესპუბლიკელებმა ამ მოვლენის საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებაც სცადეს, მაგრამ საფრანგეთის ჩარევით ომის სწრაფად დასრულებამ არ მისცა მათ რეიტინგის მატების არჩევნებამდე შენარჩუნების შესაძლებლობა.  ამერიკისთვის საუკეთესო შედეგი იქნება უკრაინის  არასტაბილურობის ქრონიკულ კერად გადაქცევა, პერიოდულად ფეთქებადი მდგომარეობით.

საქართველოს გულშემატკივართა დასამშვიდებლად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა არ არის დამოკიდებული უკრაინის მიმართ მისი პოლიტიკის შინაარსზე და შედეგებზე _  საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ზღუდავს სრულიად სხვა ფაქტორი.  

 _ რუსეთს არ შეუძლია საქართველს წინააღმდეგ აწარმოოს ფართო მასშტაბის აგრესია, რადგან, ამ შემთხვევაში, ცხადი გახდება საქართველოს გავლით შუააზია-ანატოლიის მაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ანუ თურქულენოვანი ხალხების _ თურანული სამყაროს _  კონსოლიდაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტის სტრატეგიულად დაზღვეულად ამოქმედების უპერსპექტივობა, რაც აიძულებს თურქეთს და მთელ თურანულ სამყაროს არმენიის სასარგებლოდ ყრაბახის დასათმობად განეწყოს, სატრანზიტო დერეფნის არმენიის გავლით ასამოქმედებლად. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ნატოს და ამდენად ამერიკის შუამდგომლობის, ამერიკული გარანტიის გარეშე, რაც საფრანგეთის და გერმანიის ინტერესებს ეწინააღმდეგება, რომელთათვისაც აღნიშნულ დერეფანს ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული არხის მნიშვნელობა აქვს _ ენერგომომარაგების ალტერნატიული დერეფნის ამერიკულ გარანტიაზე დამყარებულობა ევროპის ინტერესებს ამერიკის და რუსეთის გარიგების ობიექტად ტოვებს (იხ. ავტორის წერილები: "ქართული გორდიას კვანძი" და "საქართველო ისტორიის მიმდინარე ეტაპზე").

რუსეთისთვის შუააზია-ანატოლიის მაკავშირებელ დერეფანს, ტრანსქართული თუ ტრანსარმენიული რეალიზაციით,  ამერიკის (ლიბერალ-გლობალისტური ფრონტის) მიერ მისი კონტროლის პირობებში, დიდი საფრთხის მნიშვნელობა აქვს, როგორც  კოლოსალური სტრატეგიული პოტენციის მქონე ფაქტორს: თურანული სამყაროს კონსოლიდაცია თურქი ერისთვის საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქციის ამაღლების და თურქეთის სახელმწიფოზე სეპარატიზმის საფრთხის მადესტაბილიზებელი გავლენის დაქვეითების საშუალებაა, ამერიკისთვის კი _  რუსეთის და ირანის დესტაბილიზაციის, შუააზიაში ჩინეთის ექსპანსიის შეჩერების და გამომფიტავ კონფლიქტში ჩათრევის შესაძლებლობის წარმომშობი, ანტიამერიკული ისლამური ფრონტის ერთიანობის ჩამშლელი გარემოება (მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში, ფორმის მანიის კლასის თურქი ერის კონტროლი თურქეთში ამერიკის ხელშეწყობით არსებული მექანიზმებით მეტად გართულდება და პროცესი შეიძლება ამერიკელი ერის საზიანოდაც შემობრუნდეს. ცხადია, დღეს ეს საფრთხე არ შეიძლება სათანადოდ  ჰქონდეს  გათვალისწინებული ამერიკის პოლიტიკურ ელიტას).

როგორც აღინიშნა,  თუ რუსეთი შეეცდება საქართველოზე სრული კონტროლის მოპოვებას, ის მიიღებს შედეგს, რომლის ასაცილებლადაც ავიწროებს საქართველოს _ სატრანზიტო დერეფნის ამოქმედება (ტრანსარმენიული რეალიზაციით) _  და  იძულებული გახდება აღმოსავლეთ კავკასიაზე ირანის პრეტენზიების რეაქტუალიზაციით, რასაც ხელს უწყობს გლობალურ ცივილიზაციაში მიმდინარე ფაზა,  შეუდგეს ამიერკავკასიის დესტაბილიზაციას, რაც გაცილებით უფრო მძიმე ალტერნატივაა.  ასე რომ, რუსეთი საქართველოს მიმართ პოლიტიკას არ შეიცვლის (რა თქმა უნდა ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირებიის გარეშე) _ იგი ეცდება უკიდურესად გაახანგრძლივოს საქართველოზე მისი კონტროლის დამყარების პროცესი, რომ თურანულ სამყაროში არ გაქრეს იმედი, სატრანზიტო დერეფნის საქართველოს გავლით ამოქმედების შესაძლებლობისა.

რუსეთი შეიძლება  დაეთანხმოს საქართველოს გავლით ტრანსკავკასიური დერეფნის ამოქმედებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება არა საქართველოს თავისუფალი ეკონომიკურ ზონად ჩამოყალიბების, არამედ ევროგაერთიანებასთან მისი ინტეგრაციის გზით, ევროგაერთიანების ამერიკასთან და ლიბერალ-გლობალისტურ ფრონტთან კონფრონტაციის პირობებში. ამგვარი კონფრონტაცია  შესაძლებელია განვითარდეს  გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში, ფორმის მანიის კლასის გერმანელი ერის  აღზევებით _  ევროგაერთიანების გერმანელი ერის გარშემო კონსოლიდირებულ კონფედერაციად ჩამოყალიბებით (ცხრომის მანიის კლასის ფრანგი ერის მხრიდან ამის მხარდაჭერის პირობაა მისი კონკურენტული დაპირისპირება ამერიკელ ერთან. ამასთანავე, ის მიიღებს გერმანელი ერის გარე სამყაროსთან ეკონომიკური ურთიერთობის წარმოების ექსკლუზივს).

რადგან გერმანელი ერი ჯერჯერობით ვერ ავლენს სათანადო ინიციატივას, რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. ეს ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური და დემოგრაფიული რბევის პროცესის სტაბილიზაციას. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია ლიბრალ-გლობალისტური ფრონტის საეტაპო ამოცანებთანაც:  საქართველოს ეკონომიკის დამოუკიდებელი, ადგილობრივი წარმოშობის სექტორის ლიკვიდაცია  (რაც თითქმის  მიღწეულია, საპირისპირო განცხადებების ფონზე) და დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკური ზონის _ ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის ოპტიმალური მოდუსის _ ჩამოყალიბების ამოცანის აუცილებელი ასპექტებია. ამდენად, შესაძლებელიც რომ იყოს, ამერიკისგან, ლიბერალ-გლობალისტური ფრონტისგან რუსეთს წინააღმდეგობა არ შეხვდება, სანამ საქართველოში საჭირო მდგომარეობა _ ქართველი ერის საარსებო ინტერესების ფაქტირის ნიველირების შესაძლებლობა _ არ დამყარდება.

დროა დავფიქრდეთ: _ რატომ ხდება რომ რუსეთი, მსოფლიოს მასშტაბით რომ ვთქვათ, არც ისე მრავალრიცხოვანი პოპულაციით და ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული, “მარტივი” ეკონომიკით თავის ნებას ახვევს მთელს მსოფლიოს? ამ გარემოების საფუძველი მსოფლიო საზოგადოებაში რუსი ერის მნიშვნელოვანი, მაგრამ დღემდე ვერ გაცნობიერებელი ფუნქციის არსებობა ხომ არ არის? ანუ რუსეთის ძალმოსილება მსოფლიო საზოგადოების სისტემური მთლიანობიდან ხომ არ მომდინარეობს? სისტემის მიერ მისი მნიშვნელოვანი ფუნქციური ელემენტის დაცვასთან ხომ არ გვაქვს საქმე?

_  ვითარება სწორედ ასეთია!

რუსი ერი არის ერთა ძლევის მანიის კლასის ლიდერი და, ამდენად, ერთა ამ თვისებრივი ტიპის ფუნქციის რეალიზაციის ინსტიტუციური საფუძვლის როლში, რუსულ სახელმწიფოებრიობას გარანტირებული აქვს გლობალური ცივილიზაციის  მხრიდან სისტემური მხარდაჭერა. ამის გამო ვერ ხერხდება რუსეთის  წინააღმდეგ  მისი დესტაბილიზაციისთვის საკმარისი ძალების კონსოლიდაცია.

საპირისპირო მოლოდინის საფუძველია საბჭოთა კავშირის დაშლის მოვლენის  ამერიკის გამიზნული პოლიტიკის შედეგად მიღწეულ, რუსი ერის საეტაპო დამარცხების ფაქტად  მიჩნევა. სწორედ ეს მცდარი შეფასება განაპირობებს რუსი ერის მორიგი იოლი დამარცხების _  უკვე, რუსთის ფედერაციის დაშლის _  შესაძლებლობის დაშვებას და ამის საამო მოლოდინს. ეს უკიდურესად არასწორი შეფასებაა. სინამდვილეში ამერიკის გაძლიერებასა და საბჭოეთის დაშლის მოვლენას შორის მხოლოდ ირიბი კავშირი არსებობს: 1968 _ 1987 წლები გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზას წარმოადგენდა, რაც ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი ერის დაწინაურებაში და ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭთა ფენომენის (წინის წინა ფაზის რელიქტის) დაქვეითებაშიც აისახა. ასე რომ, ეს არ იყო საკუთრივ რუსი ერის მარცხი, ამერიკის მაშინდელი აღზვევება კი არ იყო შეუქცევადი: გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში (1988 _ 2007 წწ.) რუსმა ერმა აღიდგინა პოზიციები მსოფლიოში, ამ ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის (2008 _ 2027 წწ.)  დადგომამ კი მოიტანა ის, რომ  ამერიკა ჩინეთის მოვალეა და იძულებულია, დროებით მაინც, იცხოვროს არა თავისი ბუნების _ თავისუფალი საბაზრო რეგულირების პრინციპების _ შესაბამისად, არამედ ფორმის მანიის კლასის ერების მიბაძვით _ სახელმწიფო-მონოპოლისტური რეგულირების ფუნქციის აქტუალიზაციით.

ძლევის მანიის კლასის ერი ვერასოდეს ვერ შექმნის ეფექტურ, თავისუფალ საბაზრო თუ სახელმწიფო მონოპოლისტურ რეგულირებაზე დამყარებულ ეკონომიკას, მაგრამ ეკონომიკა არ ამოწურავს ერის კეთილდღეობის პირობების და ცივილიზაციური ფუნქციის შინაარსს. ძლევის მანიის კლასის ერი არსებობს, ან სამხედრო კონტრიბუციის და, უკეთეს შემთხვევაში, _ ბუნებრივი რესურსების კონტროლის მეშვეობით.  იგი ექსპანსიას ეწევა   სამხედრო ინსტიტუტზე დაყრდნობით.  ძლევის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს ფუნქცია სამხედრო ინსტიტუტის ქმედუნარიანობის უზრუნველყოფაა, ამაში იხარჯება რუსეთის ნავთობის და სხვა რესურსების გაყიდვით მოპოვებული სახსრები. საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში ჯერ კიდევ გაბატონებულ, “საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” დრომოჭმულობის (დისკონსტრუქტივიზებულობის, ანაქრონიზებულობის) მიუხედავად, რუსეთი საკმარისი ეფექტურობით ასრულებს საერთაშორისო ბუფერული ფაქტორის (შემკავებელი ძალის)  ფუნქციას _ ცივილიზაციაში ძლევის მანიის კლასის ერთა მთავარ ინსტიტუციურ დანიშნულებას _  უკანასკნელი 100 წლის განმავლობაშიც. დღეს ის ეფექტურად აკავებს ისლამურ ფუნდამენტალიზმს შუააზიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში, ხელს უწყობს ამგვარივე პროცესს ავღანეთში (შეუძლია დიდი პრობლემები შეუქმნას, იქ, ნატოს კოპალიციას, მაგრამ არ აკეთებს ამას), მეორე მხრივ კი,  აკავებს ირანის და სირიის წინააღმდეგ დასავლეთის აგრესიასაც. რუსეთი იცავს კუბას, ვენესუელას და ინდოეთსაც.  რუსეთის უკანდახევის შედეგია ლიბიის, ერაყის და იუგოსლავიის კატასტროფები, ავღანეთის თალიბანიზაცია და შემდეგ დასავლეთის ინტერვენცია ამ ქვეყანაში, რომელსაც თვით დასავლეთმა უბიძგა თალიბანიზაციისკენ. როგორც ისტორიამ გვიჩვენა, თანამედროვე მსოფლიოსთვის უკეთესი იქნებოდა ავღანეთში საბჭოეთის მიერ შექმნილი რეჟიმის შენარჩუნება  _ საბჭოთა წყობილება ფორმის მანიის კლასის ერების ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის პროცესის სტაბილიზაციის უნივერსალური პარადიგმაა. ამის დასტურია ჩინეთის და ვიეტნამის მაგალითებიც.  

დაბოლოს, რაც უშუალოდ ეხება საქართველოს, რუსეთის შიში აჩერებს თურქეთის ექსპანსიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისრტის მიერ ახლო ხანებში გაკეთებული განცხადებაც (ბათუმი თურქული ქალაქი იქნებაო) გვაფიქრებინებს, აჭარასა და ჯავახეთში უკვე გვექნებოდა კვიპროსის პრეცედენტის გამეორება. ამასთანავე, რუსეთის აგრესია  დასავლეთს აიძულებს შეარბილოს მენტალური ტრანსფორმაციისკენ მიმართული ზეწოლის წნეხი ქართველ ერზე, ქართული საზოგადოების ინტერესების საბაბით დაუპირისპირდეს რუსეთის გააქტიურებას. ასე რომ, რაც გვემუქრება იგივე  ფაქტორი გვიცავს კიდეც.

საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის პირობებში, ქართველი ერის საარსებო ინტერესებზე შესაძლო გავლენის ხასიათის მიხედვით რუსი და თურქი ერების შედარებაც რუსი ერის სასარგებლოდ მეტყველებს: რუსი ერი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზეა, თურქი ერი კი _ ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე, ამდენად თურქეთში მოქცევა უკუსვლა იქნებოდა ქართველი ერისთვის; ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთში ქართულმა მოასხლეობამ სავსებით დაკარგა ეროვნული იდენტობა _ მათი ეროვნული თვითშეგნება ეთნიკურ თვითშეგნებაზეა დაყვანილი (თუმცა აქ გასათვალისწინებელია მართვის მანიის კლასის ერის გარეგნული თვითგამოხატვის განსაკუთრებული თავისებურებები _ იხ. ავტორის წერილი _  "სომხობა, როგორც ფარული ქართველობის ერთ-ერთი გარეგნული მოდუსი"). შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერის არსებობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ელემენტია რუსეთის იმპერიაში ნამყოფი მისი ნაწილი. ეს აიხსნება იმით, რომ ქართველი ერის აქტუალურობის ეტაპები _ ეგეოსურ ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფაზები _ ძლევის მანიის და მართვის მანიის ერების სინქრონული აქტუალიზაციის ეტაპებია,  ამდენად რუს ერს სჭირდება ქართველი ერი, როგორც განსხვავებული თვისებრიობის აუცილებელი  თანააქტორი _ ქართულ-რუსული ურთიერთობის დესტრუქტივიზაცია განპირობებულია რუსეთის სივრცეზე ფორმის მანიის კლასის ერების არსებობით,  საერთაშორისო ასპარეზზე უკვე მოძველებული, "საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის" ბატონობის პირობებში (იხ.  ავტორის წერილი: "მესამე ქართველი _ ედუარდ შევარდნაძე", ნაწილი III და IV).

დღეს რუსეთი  აგრესიულია, მაგრამ  ყველა დაწინაურებული ერი, მათ შორის, ამერიკელი და ჩინელი  ერებიც, ამგვარადვე იქცევა _  საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის კარნახით მოქმედებს _  განსხვავებულია მხოლოდ მათი ძირითადი სამოქმედო საშუალებები _ თვითორგანიზაციის სასაფუძვლო ინსტიტუტები: ცხრომის მანიის კლასის ერისთვის ესაა ფინანსური ინსტიტუტი, ძლევის მანიის კლასის ერისთვის _ სამხედრო ინსტიტუტი, ფორმის მანიის კლასის ერისთვის _  იერარქიული სტრუქტურის, ცენტრალიზებული და უცხოსთვის შეუვალი სოციალური თვითორგანიზაციის ინსტიტუტი. ამით აიხსნება ის, რომ ამერიკელი ერი ექსპანსიას ძირითადად  ფინანსურ ინსტიტუტზე დაყრდნობით ეწევა, სამხედრო მანქანას კი მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში _ გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფაზებში (ძლევის მანიის აქტუალურობის ეტაპები) _  მიმართავს. ამდენად მისი აგრესია უფრო შენიღბულია. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, რით არის რუსეთის აგრესიის თანმდევი ძალადობა, რაც აფხაზეთსა და შიდა ქართლში გადაიტანა ქართულმა მოსახლეობამ, იმ ძალადობასთან რასაც დასავლური გლობალური ფუნქციის ფინანსური ინსტიტუტების პოლიტიკის შედეგად ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩავარდნილი ქართული მოსახლეობის მეტი ნაწილი განიცდის საქართველოს დანარჩენ სივრცეზე, როცა პიროვნება იჩაგრება კაბალური შრომის პირობებში ,  ან "თავისი ნებით" ყიდის საკუთარ ღირსებას. ცხრომის მანიის კლასის ერის ექსპანსიის  შედეგები არანაკლებ მწარეა ექსპანსიის არეში მოქცეული ერებისთვის (იხ. პერკინსის  "ეკონომიკური მკვლელის აღსარება"), _ მენტალური ტრანსფორმაცია მენტალური მკვლელობაა და სისასტიკით არ ჩამოუვარდება ფიზიკურ მკვლელობას.

 უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ამერიკის, ლიბერალ-გლობალისტური ფრონტის გავლენა დადებითია მხოლოდ გაყოფილი ქვეყნების, ეროვნულ სახელმწიფოდ  კონსოლიდირებადი რეგიონების კონკრეტულ  ნაწილებზე, როდესაც ორი სისტემა იბრძვის ერთიდაიმავე სივრცეში (გდრ და გფრ; ჩრდილოეთ კორეა და  სამხრეთ კორეა; ერაყი და  კუვეიტ -  საუდის არაბეთი; ინდონეზია და სინგაპური-მალაიზია; ჩინეთი და  ტაივანი და ა.შ.), ან მტრულ  რეგიონში სტრატეგიულ დასაყრდენად გამოყენებულ სახელმწიფოებზე (იაპონია; ისრაელი; მოგვიანებით, ჩინეთი, რომლის პირველ წარმატებებში ამერიკის წვლილი საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებამ განსაზღვრა), მაგრამ, როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნების მდგომარეობა გვიჩვენებს, სადაც ამერიკის ჰეგემონობას რომელიმე გარეგანი ძალა არ ემუქრება, მის გავლენა მეტწილად დესტრუქციულია. ბრაზილია, ვენესუელა, ნიკარაგუა, არგენტინა და არა ერთი სხვა სახელმწიფო ამ გავლენისგან თავდასახსნელად რუსეთის მხარდაჭერას ეძებს.

ცივილიზაციისთვის ოთხივე თვისებრივი ტიპის ერი აუცილებელია. მაგრამ,  XX საუკუნის შუაწლებამდე ცალკეულ ცივილიზაციებში  საკმარისი იყო  მათი, გარკვეული სქემის მიხედვით, დიაქრონული მონაცვლეობა და, მხოლოდ, XX საუკუნის შუაწლებიდან გახდა აუცილებელი  ერთა ოთხივე თვისებრივი ტიპის წარმომადგენელთა სინქრონული თანაარსებობა. დღეს გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაცია სისტემურად იცავს ყოველი თვისებრივი ტიპის ერებს,  ცხადია, მისი მდგრადობის რესურსის ფარგლებში.

რაც შეეხება ერების დანაკლისს, _ რა თქმა უნდა, გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის და მით უმეტეს,  დედამიწის ნოოსფეროს არსებობა ნებისმიერი ერის დანაკლისის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ, სხვადასხვა ერის დანაკლისი სხვადასხვა ინტენსივობის შეფერხებას გამოიწვევს: რადგან, დღეს, რუს ერს ძლევის მანიის კლასის ერებს შორის არ მოეპოვება სრულფასოვანი კონკურენტი, მისი დანაკლისი იქნება მეტად მძიმე  (კომპენსატორული პროცესები შეიძლება ქურთი ერის სახელმწიფოებრივი რეკონსოლიდაციის, ან თურანული სამყაროს ძლევის მანიის კლასის ერად რეტრანსფორმაცია-რეკონსოლიდაციის ტენდენციაში  გამოიხატოს, რაც უმძიმეს მსხვერპლს მოიტანს); რუსი ერისგან განსხვავებით, ამერიკელ ერს გააჩნია თავისივე თვისებრივი ტიპის ძლიერი კონკურენტები, ფრანგი და ინდოელი ერების სახით, ამდენად, ამერიკის დაქვეითება არ იქნება ასეთივე  კატასტროფული თანამედროვე მსოფლიოსთვის (გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციისთვის); ჩინელი, იაპონელი და გერმანელი ერებიც ერთი თვისებრივი ტიპის თითქმის თანაბარი პოტენციის ერთეულებია, ამდენად, აქაც ნაკლებია კატასტროფული დანაკლისის შესაძლებლობა;  ქართველ ერსაც ჰყავს ძლიერი კონკურენტები ირლანდიელი და შოტლანდიელი ერების სახით (ხოლო, მაგ: ბასკებს, კორსიკელებს, სიცილიელებს კი ნაკლები რესურსი გააჩნიათ საამისოდ), მაგრამ გარკვეულ გარემოებათა გამო მათ არ შეუძლიათ ქართველი ერის სრულფასოვანი ჩანაცვლება, ასე რომ, ქართველი ერის დანაკლისიც რუსი ერის დანაკლისზე არანაკლები პრობლემების, თუმცა უფრო ფარულად მოქმედთა, საფუძველი გახდება.

საზოგადოდ, დაწინაურებულ ერთა დაქვეითების (დანაკლისის) შემთხვევაში ცუდი ისაა, რომ უკვე გავლილი გზა ხელახლა იქნება სხვა კონკტრეტულობით გასავლელი, ხოლო პრობლემა, რომელიც დღესაა გადასაწყვეტი _ ოთხივე თვისებრივი ტიპის ერის მუდმივი სინქრონული თანაარსებობის ინსტიტუციური უზრუნველყოფა _ გადასაწყვეტი იქნება მაინც. ამიტომ გადადებას აზრი არა აქვს.

დაბოლოს, მინდა შევნიშნო, რომ არსებობს ცივილიზაციის რამდენიმე  თვისებრივი ტიპი. ერთ-ერთი მათგანი გულისხმობს ცხრომის მანიის კლასის ერის ბაზაზე სამი სხვა ფსიქიკური სტიქიის ეფექტის კასტური რეალიზაციებით უწყვეტ თანაარსებობას, რისი მაგალითიც იყო ინდური ცივილიზაცია, ცხრომის მანიის კლასის ერზე მისი დაყვანის ტენდენციის განვითრებით გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში მის ინტეგრაციამდე. მსოფლიო საზოგადოება შეიძლება გადაიქცეს ამგვარ ცივილიზაციად, მაგრამ ეს მისი განვითარების ტემპს დიდად შეაფერხებს.

ამრიგად, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბატონებო, რადგან მსოფლიო ერთ გლობალიზებულ ცივილიზაციად არის კონსოლიდირებული, რომელმაც გადალახა განვითარების გარკვეული კრიტიკული ზღვარი და დგას ოხივე თვისებრივი ტიპის ერთა სინქრონული თანაარსებობის ინსტიტუციური უზრუნველყოფის აუცილებლობის წინაშე, სხვა გამოსავალი არ არსებობს _ მხოლოდ "ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირება. ეს ძნელი საქმეა, მაგრამ ღირსეული გამოსავალის არსებობის შესახებ ცოდნას, ვფიქრობ, შეუძლია მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს ფსქოლოგიური ფონი, და არა მხოლოდ საქართველოში.